თურქეთში კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის სამართლებრივი დევნა დაწესდება
თურქეთში კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბების გავრცელებისთვის სამართლებრივი დევნა დაწესდება

თურქეთში კორონავირუსის შესახებ სოციალურ ქსელებში ყალბი ახალი ამბებისა და ჭორების გავრცელების ფაქტზე სამართლებრივი დევნა დაწესდება. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული გამოცემა „დეილი საბაჰი“ ავრცელებს.

როგორც თურქეთის უსაფრთხოების გენერალურ დირექტორატში განაცხადეს, სამართალდამცველები შეამოწმებენ სოციალური მედიის პლატფორმებს და ისეთი ყალბი ინფორმაციის აღმოჩენის შემთხვევაში, რომელმაც შეიძლება, მოსახლეობაში პანიკა გამოიწვიოს, მის წაშლას მოითხოვენ. დარღვევის გამეორება  ბრალის წაყენებას ითვალისწინებს.

„დეილი საბაჰი“ წერს, რომ მსოფლიოში კორონავირუსის გავრცელების შემდეგ, თურქეთში ათობით ქალაქის მოსახლეობაში არაერთხელ გამოიწვია პანიკა სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ყალბმა ახალმა ამბავმა იმის შესახებ, რომ სასიკვდილო ვირუსი თურქეთშიც გავრცელდა.

თურქეთის უსაფრთხოების სამსახურის კიბერდანაყოფი ასევე გააკონტროლებს ნებისმიერი სახის შეცდომაში შემყვან ინფორმაციის, ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით საფრთხის შემცველ რჩევების გავრცელებას.
სოციალურ ქსელებში კორონავირუსთან დაკავშირებით ყალბი ამბებისა და ჯანმრთელობისთვის საზიანო რჩევების გავრცელების ფონზე, თურქეთის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოქალაქეებს ხელისუფლებისა და საერთაშორისო ინსტიტუტების, როგორიც არის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რჩევების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს.

როგორც თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჩამ განაცხადა, თურქეთში ამ ეტაპისთვის კორონავირუსი არ გამოვლენილა.

მისი განცხადებით, მთავრობა ყველა აუცილებელ ზომას მიმართავს თურქეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, თურქეთში ტესტი ორი ათას პაციენტს ჩაუტარდა და ყველას პასუხი ნეგატიური იყო.

„თუ კორონავირუსი მიაღწევს თურქეთამდე, ის სავარაუდოდ საზღვარგარეთიდან ჩამოსულ მგზავრებს ექნება. თურქეთში დაავადების შემთხვევები შესაძლოა, გამოვლინდეს, თუმცა ვირუსის გავრცელების პრევენცია ჩვენს ხელშია“, – განაცხადა მინისტრმა.

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტრო ასევე მზადყოფნას გამოთქვამს, სხვა ქვეყნებს დახმარების ხელი გაუწოდოს.