თურქეთში ივლისიდან კომენდანტის საათი უქმდება. ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ განაცხადა.
თურქეთის ლიდერმა ქვეყანაში კორონავირუსის გამო მოქმედი რეგულაციების გაუქმების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ივლისიდან ასევე გაუქმდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე არსებული შეზღუდვები, საჯარო სამსახურები კი მუშაობის ჩვეულებრივ საათებს დაუბრუნდებიან.
ამასთან, ერდოღანის თქმით, მუსიკალური ღონისძიებები, მათ შორის კონცერტები დაშვებული იქნება შუაღამემდე.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თურქეთის ხელისუფლება იმედოვნებს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლის შემცირება და ვაქცინაციის პროგრამის დაჩქარება დღეში საშუალოდ 1,5 მილიონი დოზის ადმინისტრირებით, ტურიზმის აღდგენას შეიწყობს ხელს.
თურქეთში ბოლო დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ის 5 294 შემთხვევა აღირიცხა, გარდაიცვალა 51 ადამიანი.