თურქეთში ინფლაციამ ბოლო 14 წლის პიკს მიაღწია
თურქეთში ინფლაციამ ბოლო 14 წლის პიკს მიაღწია

თურქეთში ივნისის თვის ინფლაციამ ბოლო 14 წლის პიკს მიაღწია, რასაც თურქეთის ეროვნული ვალუტის, ლირას ვარდნა მოჰყვა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკი დიდი ალბათობით, იძულებული გახდება, მიმდინარე თვეში ისევ გაზარდოს მთავარი საპროცენტო განაკვეთი.

ოფიციალური სტატისტიკით, წლიური ინფლაციის დონემ ივნისში 15.39 პროცენტი შეადგინა, რაც 2004 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ფასების ზრდა ძირითადად სურსათსა და უალკოჰოლო სასმელზე თითქმის 6 პროცენტიანმა ზრდამ გამოიწვია. 4.76 პროცენტით გაიზარდა კომუნიკაციის ხარჯები.
შესაბამისად თურქული ლირა, რომელიც წლის დასაწყისიდან რეკორდულად უფასურდება და გლობალურ დონეზე ერთ-ერთ ყველაზე სუსტ პოზიციაზეა, ისევ დაეცა. ერთი დოლარის ღირებულება 4.6973 ლირადან 4.6215-ზე ჩამოვიდა.

აპრილის შემდეგ ლირას 18 პროცენტიანი ვარდნის შესაჩერებლად, თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მთავარი საპროცენტო განაკვეთი უკვე 500 საბაზისო პუნქტით გაზარდა, რაც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის დაბალი საპორცენტო განაკვეთის პოლიტიკას ეწინააღმდეგება.

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტების შემდეგი სხდომა 24 ივლისს არის დაგეგმილი. ანალიტიკოსები თვლიან, რომ ცენტრალურმა ბანკმა უმჯობესია, მთავარი საპროცენტო განაკვეთი კიდევ უფრო აგრესიულად გაზარდოს და დღეს არსებული 17.75 პროცენტიდან 20 პროცენტამდე ასწიოს. თუმცა ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ დაბალი საპროცენტო განაკვეთების მომხრე ერდოღანი განაკვეთის ზრდის წინააღმდეგი იქნება.