თურქეთში გავრცელებული ხანძრის გამო, მუღლას პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა
თურქეთში გავრცელებული ხანძრის გამო, მუღლას პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა

თურქეთში გავრცელებული ხანძრის გამო, მუღლას პროვინციაში მდებარე თბოელექტროსადგურიდან პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. უსაფრთხოების მიზნით, ტერიტორიიდან გაიტანეს აალებადი და ფეთქებადი მასალები. მობილიზებულ იქნა სახანძრო ეკიპაჟები და წყლის ტანკერები.

პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ტყის მასივებზე გავრცელებული სტიქია „კოვიდ-19“-ის პანდემიის მსგავსად, გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. გასული ერთი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში ცეცხლის 187 კერა გაჩნდა, ამ დროისთვის კი, მეხანძრეები დარჩენილი 15 კერის ლიკვიდაციას ცდილობენ. ოპერაციაში ჩართულია 51 ვერტმფრენი, 20 თვითმფრინავი და ასობით მეხანძრე. სტიქიას თურქეთში 8 ადამიანი ემსხვერპლა.

სტიქია მძვინვარებს ათენის შემოგარენშიც, სადაც ხანძარი სამშაბათს დაიწყო. ცეცხლის გავრცელებას ჰაერის მაღალი ტემპერატურა და ძლიერი ქარი უწყობს ხელს. სტიქიამ 90-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და 30-მდე ბიზნესობიექტი გადაწვა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, ხელისუფლება ადგილობრივ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდებს.