თურქეთში ქურთი ეროვნების ოთხი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
თურქეთში ქურთი ეროვნების ოთხი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

თურქეთში ეროვნებით ქურთი ოთხი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დიარბაქირის პროვინციის ორ რაიონში მერების ნაცვლად, რეგიონის გუბერნატორები დანიშნა. მერები გუბერნატორებმა ჩაანაცვლეს შირნაქის და თუნჯელის რაიონებშიც.

როგორც ცნობილია, პრო-ქურთულ „სახალხო დემოკრატიულ პარტიაზე“ ზეწოლის ფარგლებში თურქეთის ხელისუფლებამ საერთო ჯამში თანამდებობიდან 20 არჩეული მერი გაათავისუფლა.

პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი და მისი მთავრობა მიიჩნევენ, რომ „სახალხო დემოკრატიულ პარტიას“ ქურთისტანის მუშათა პარტიასთან აქვს კავშირები. ამ უკანასკნელს კი ოფიციალური ანკატრა ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს. თავად პოლიტიკური პარტია აღნიშნულ ბრალდებას უარყოფს.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ქალაქების მნიშვნელოვან ნაწილს პრო-ქურთული „სახალხო დემოკრატიული პარტია“ მართავს.

როგორც წესი, აღნიშნულ ქალაქებში გენდერული ბალანსის დასაცავად ერთ ქალ და ერთ მამაკაც მერს ნიშნავენ.

„სახალხო დემოკრატიული პარტია“ თურქეთის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ერთადერთი პოლიტიკური პარტიაა, რომელიც ოფიციალური ანკარის მიერ სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ცხრა ოქტომბერს დაწყებულ ოპერაციას ეწინააღმდეგება.