თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 941 შემთხვევა გამოვლინდა
თურქეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 55 941 შემთხვევა გამოვლინდა

თურქეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელი გამოვლინდა. გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 55 941 ადამიანს დაუდასტურდა, 258 პაციენტი გარდაიცვალა.

შესაბამის მონაცემებს ადგილობრივი მედია თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამჟამად კრიტიკულ მდგომარეობაში 2 615 ინფიცირებული იმყოფება.

გასულ კვირას თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შეზღუდვების გამკაცრების შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა. 13 აპრილიდან, რამადანის მიმდინარეობისას, შაბათ-კვირას იმოქმედებს საყოველთაო კარანტინი.

ქვეყანაში რეგისტრირებულია კორონავირუსის 3,68 მილიონამდე შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 3,23 მილიონი ადამიანი.

თურქეთში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 14 იანვრიდან დაიწყო და ამ დროისთვის 10,7 მილიონმა ადამიანმა ვაქცინის პირველი დოზა გაიკეთა. ორივე დოზა კი მიღებული აქვს 7,49 მილიონ მოქალაქეს.

თურქეთში ვაქცინაცია ჩინეთის მიერ წარმოებული „სინოვაკის“, ასევე „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ ვაქცინებით მიმდინარეობს.