თურქეთში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლით ხელმძღვანელობენ
თურქეთში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლით ხელმძღვანელობენ

თურქეთში აშშ-ის საელჩოში განაცხადეს, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლით ხელმძღვანელობენ. აღნიშნული კონვენციის მიხედვით, დიპლომატები სხვა მასპინძელი ქვეყნის შიდა საქმეებში არ ერევიან.

ეს განცხადება აშშ-ის დიპლომატიური მისიის ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც თურქეთის პრეზიდენტმა თავის მომხრეებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ 10 ქვეყნისა და მათ შორის აშშ-ის ელჩის „პერსონა ნონ გრატად“ გამოცხადების დავალება გასცა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანის უკმაყოფილება გამოიწვია 10 ქვეყნის ელჩების მიერ 18 ოქტომბერს გავრცელებულმა განცხადებამ, რომელშიც პატიმრობაში მყოფი ფილანტროპისა და ბიზნესმენის ოსმან კავალას გათავისუფლება მოითხოვეს. კავალას ბრალი წაყენებული აქვს 2013 წლის გეზის პარკის რეკონსტრუქციის გამო აგორებული აქციებისა და 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობასთან დაკავშირებულ საქმეებზე.

მას შემდეგ, რაც აშშ-ის საელჩომ განმარტა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციით ხელმძღვანელობს, თურქეთის პრეზიდენტმა თქვა, რომ ამ განცხადებას მიესალმება. ერდოღანმა ეს განცხადება ცოტა ხნის წინ გამართულ მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე გააკეთა.