თურქეთში აშშ-ის ელჩი თომას ბარაკი – ისრაელის მიერ სირიაზე თავდასხმამ თურქეთთან შეტაკების რისკი შექმნა
ისრაელის მიერ სირიაზე თავდასხმამ თურქეთთან შეტაკების რისკი შექმნა, – ამის შესახებ თურქეთში აშშ-ის ელჩმა და სირიის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, თომას ბარაკმა განაცხადა.
მისივე თქმით, დარტყმის შედეგად არავინ დაღუპულა და სიტუაცია არ გამწვავებულა.
„თურქეთის სამხედროებმა არ იცოდნენ, რომ ისრაელის თვითმფრინავები კონკრეტულად ამ ბაზისკენ მიემართებოდნენ და წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუ რა მისიას ასრულებდნენ. ამიტომ, შესაძლოა, მათ გადაეწყვიტათ საკუთარი გამანადგურებლების აფრენა იმის შიშით, რომ თავადაც საფრთხის ქვეშ იყვნენ… ამან შექმნა სწრაფი ესკალაციის და პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების რეალური რისკი ისრაელსა და თურქეთს, ასევე სირიას შორის“, – აღნიშნა ამერიკელმა დიპლომატმა.
სირიამ განაცხადა, რომ ისრაელმა რვა საჰაერო დარტყმა განახორციელა ასაფრენ-დასაფრენ ბილიკსა და საწყობებზე, რომლებიც თურქეთის საზღვრიდან აღმოსავლეთით დაახლოებით 70 კილომეტრში, სირიის იდლიბის რეგიონში მდებარეობს.
„ამჟამად ჩვენ ყველა შესაბამის მხარესთან ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ისრაელსა და სირიას შორის კონფლიქტის მოგვარების ქსელის ხელახლა ამოქმედებასთან დაკავშირებით. თურქეთი შეიძლება იყოს მოწვეული როგორც პირდაპირ, ასევე ირიბ მონაწილედ“, – განაცხადა ბარაკმა.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის იდლიბის რეგიონში ძველი აეროდრომის ტერიტორია სამხედრო თვითმფრინავმა დაბომბა. მოგვიანებით, სირიის ხელისუფლებამ სამხედრო აგრესიაში ისრაელი დაადანაშაულა.
„აქსიოსის“ თანახმად, ისრაელმა დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ სირიის საჰაერო ბაზაზე ბოლოდროინდელი თავდასხმა მიზნად ისახავდა რეგიონში თურქეთის სამხედრო ძალების განლაგების თავიდან აცილებას.