თურქეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო ქვეყნის აეროპორტებში სპეციალურ ზომებს მიმართავენ
თურქეთში აცხადებენ, რომ კორონავირუსის გამო ქვეყნის აეროპორტებში სპეციალურ ზომებს მიმართავენ

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო თურქეთის აეროპორტებში სპეციალურ ზომებს მიმართავენ. როგორც სააგენტო „ანადოლუ“ წერს, ამის შესახებ თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთინ კოჯამ განაცხადა. მისი თქმით, აეროპორტები სკრინინგისთვის თერმული კამერებით აღიჭურვება.

მინისტრი ამბობს, რომ ამჟამად თურქეთში კორონავირუსის გავრცელების რისკი არ არის, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთიდან თურქეთში ინფიცირებული პირი ჩავა, მას კარანტინში მოათავსებენ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ თურქულ ავიაკომპანიებს უხანში თურქეთიდნა პირდაპირი რეისები არ აქვთ, თუმცა ჩინური ავიაკომპანიები თურქეთში ფრენებს კვირაში სამჯერ ასრულებენ.

შეგახსენებთ, ჩინეთში კორონავირუსის შედეგად უკვე ცხრა ადამიანია გარდაცვლილი. დაავადების შემთხვევების რიცხვი კი 450-ს აღემატება. კორონავირუსი დაფიქსირდა ასევე ტაილანდში, სამხრეთ კორეაში, ჰონგ კონგში და აშშ-ში.

ჩინეთში გავრცელებული კორონავირუსის გამო რამდნიმე ქვეყნის აეროპორტში მგზავრთა შემოწმება გაამკაცრეს.