თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ათობით ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
თურქეთში 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ ათობით ყოფილ სამხედროს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

თურქეთში ათობით ყოფილ სამხედროს, რომლებიც ბრალდებულები იყვნენ 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს. შესაბამის ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს 38 სამხედროს, რომელთა შორის არიან ყოფილი მაიორები, პოლკოვნიკები და ვიცეპოლკოვნიკები. მსჯავრდებულებს შორის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის ყოფილი სამხედრო თანაშემწე ალი იაზიჩია.

კიდევ 106 ადამიანს სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 61 წლით და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს პრეზიდენტის გვარდიის პოლკის ყოფილ მეთაურს, ყოფილ პოლკოვნიკს მუჰსინ ქუცი ბარის.

2016 წლის ივლისში განხორციელებული სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 2700-ზე მეტი კი დაშავდა. არეულობის შემდეგ თურქეთში დააკავეს 80 ათასამდე ადამიანი. 150 ათასი საჯარო მოხელე და სამხედრო კი სამსახურიდან გაათავისუფლეს ან უფლებამოსილება შეუჩერეს. გადატრიალების ორგანიზებაში თურქეთის ხელისუფლება აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმი მქადაგებელი ფეთჰულა გიულენს ადანაშაულებს.