თურქეთს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია სურს
თურქეთს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია სურს

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ევროკავშირთან ვიზალიბერალიზაცია სურს. ბერლინში ვიზიტისას ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა ვიზალიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად ნაბიჯის გადადგმას გეგმავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ერდოღანმა ასევე ბრიუსელს თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვგეგმავთ, რაც შეიძლება მალე შევასრულოთ დარჩენილი ექვსი კრიტერიუმი ვიზალიბერალიზაციისთვის. ვიზალიბერალიზაცია, საბაჟო კავშირის განახლება და გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების აღდგენა სარგებელს მოუტანს როგორც თურქეთს, ისე ევროკავშირს“, – განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

თავის მხრივ, ერდოღანთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ანკარას თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დაკავებული გერმანიის მოქალაქეების გათავისუფლებისკენ მოუწოდა. ამავე დროს, გერმანიის კანცლერმა თურქეთის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისად მიიჩნია იმისთვის, რომ ფეთჰულა გიულენის მოძრაობა ტერორისტულ ორგანიზაციად აღიაროს.

ევროკავშირმა თურქეთთან ვიზალიბერალიზაციის პროცესი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ შეაჩერა, რადგან ანკარამ სავიზო რეჟიმის გაუქმებისთვის რამდენიმე კრიტერიუმის დაკმაყოფილებაზე უარი განაცხადა.