თურქეთმა სტამბოლის კონვენცია ოფიციალურად დატოვა
თურქეთმა სტამბოლის კონვენცია ოფიციალურად დატოვა

თურქეთმა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის შესახებ ხელშეკრულება ოფიციალურად დატოვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანა ოფიციალურად გამოვიდა სტამბოლის კონვენციიდან. სააგენტოს ცნობით, ხელისუფლების ამ გადაწყვეტილებას ქვეყანაში ათასობით ადამიანი აპროტესტებს.

კონვენცია 2011 წელს იქნა მიღებული. დოკუმენტში ფსიქოლოგიური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობა, იძულებითი აბორტი, ქორწინება და სტერილიზაცია განსაზღვრულია, როგორც სისხლის სამართლის დანაშაული.

თურქეთის ქალთა ასოციაციების ფედერაციის ხელმძღვანელის, ჩანან გულუს განცხადებით, ისინი გააგრძელებენ ბრძოლას და ამ გადაწყვეტილებით მთავრობა საკუთარ თავს აზარალებს. მისივე თქმით, მთავრობის გადაწყვეტილება ძალადობას წაახალისებს, ხოლო ქალები და მოსახლეობის სხვა დაუცველი ჯგუფები შესაბამის დახმარებას ვეღარ მიიღებენ.

ანკარას გადაწყვეტილება დაგმეს აშშ-მა და ევროკავშირმა, ხოლო კრიტიკოსების განცხადებით, თურქეთი კიდევ უფრო შორდება ევროკავშირს, რომელში გაწევრიანებაზე ქვეყანამ 1987 წელს გააკეთა განაცხადი.

აღსანიშნავია, რომ კონვენციას თურქეთში ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა და მას ჰომოსექსუალიზმის წახალისებად მიიჩნევდნენ. ხელისუფლებაში მყოფი კონსერვატორები კი თვლიან, რომ კონვენცია საფრთხეს უქმნის ოჯახის ღირებულებებს.

კონვენციიდან თურქეთის გამოსვლას გამოეხმაურა ქვეყნის პრეზიდენტიც. რეჯეფ თაიფ ერდოღანის თქმით, კონვენციიდან გამოსვლა თურქეთისთვის არ არის უკან გადადგმული ნაბიჯი, როგორც ამის წარმოჩენას სხვადასხვა ჯგუფი ცდილობს. მისი თქმით, ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად თურქეთის ბრძოლა კონვენციით არ დაწყებულა და არც ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ დასრულდება.