მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სირიაში მეხუთე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მზადება დაასრულა
მედიის ინფორმაციით, თურქეთმა სირიაში მეხუთე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მზადება დაასრულა

თურქეთმა სირიაში მეხუთე სამხედრო ოპერაციის ჩასატარებლად მზადება დაასრულა. თურქული მედიის ინფორმაციით, ახალი ოპერაციის შესაძლო სამიზნეები, რომელზეც ქვეყნის პრეზიდენტმა ერდოღანმა ისაუბრა, არის ტალ რიფატი, აინ-ელ არაბი (კობანი), აინ ისა და მანბიჯი, რომლებსაც ქურთული სამხედრო ჯგუფები აკონტროლებენ.

თურქული მედია წერს, რომ სირიაში ოპერაცია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს გადაწყვეტილების შემდეგ დაიწყება.

„ოთხივე რეგიონის გაწმენდით, მთელი რეგიონი რასულაინიდან აფრინამდე გათავისუფლდება ტერორიზმისგან. ტალ რიფატს აქვს ყველაზე გადამწყვეტი მნიშვნელობა ოპერაციაში. ტერორისტული ორგანიზაცია „ქურთისტანის მუშათა პარტია“ ქალაქს ბაზად იყენებს. სწორედ აქედან იგეგმება თავდასხმები ქალაქებში, აფრინში, აზაზსა და ჯარაბლუსის რაიონებში, რომლებიც თურქეთმა გაასუფთავა ტერორიზმისგან“, – წერს გამოცემა „იენი საფაკი“.