თურქეთმა რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის 50 მილიონი დოზის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა
თურქეთმა რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის 50 მილიონი დოზის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა

თურქეთმა რუსული წარმოების ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის 50 მილიონი დოზის შეძენაზე შეთანხმება გააფორმა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის, ფაჰრეთინ ქოჯას განცხადებით, თურქეთი გადაუდებელ შემთხვევებში „სპუტნიკ V“-ის გამოყენების დაშვების ბოლო სტადიაზე იმყოფება და გაფორმდა შეთანხმება ექვსი თვის განმავლობაში 50 მილიონი დოზის მიღების თაობაზე.

ამჟამად თურქეთი „სინოვაკისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინებს იყენებს. ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით 22 მილიონი აცრა გაკეთდა, აქედან 13.55 მილიონი მოქალაქე ერთი დოზით აიცრა.

გარდა ამისა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდმა (RDIF) განაცხადა, რომ თურქეთის ფარმაცევტული კომპანიები ადგილზე დაიწყებენ „სპუტნიკ V“-ის ვაქცინის წარმოებას.

ჯანდაცვის მინისტრმა ქვეყანაში ვირუსის ე.წ. ინდური შტამის დაფიქსირების შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ხუთ პირს დაუდგინდა ვირუსის ინდოეთში პირველად გამოვლენილი ვარიანტი. აღნიშნული პირები იზოლაციაში არიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს.