თურქეთმა ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართვის სურვილი გამოთქვა
თურქეთმა ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართვის სურვილი გამოთქვა

ავღანეთიდან ნატო-ს შეიარაღებული ძალების გასვლის შემდეგ, თურქეთმა ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფის და მართვის სურვილი გამოთქვა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც სააგენტო ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით იუწყება, ანკარამ აღნიშნული შეთავაზებით ნატო-ს მაისში მიმართა, როდესაც აშშ-მა და მისმა პარტნიორებმა შეიარაღებული ძალების გასვლის გეგმა დაამტკიცეს. თურქეთში აცხადებენ, რომ მის მიერ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ხელს შეუწყობს ანკარასა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას, რომელიც თურქეთის მიერ რუსული წარმოების რაკეტების შესყიდვის და ხმელთაშუა ზღვაში საბურღ სამუშაოებზე უფლების მიღების შემდეგ დაიძაბა.

თურქეთში ასევე აღნიშნავენ, რომ ქაბულის აეროპორტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა ავღანეთში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობის დარჩენას შეუწყობს ხელს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადებით, ანკარას შეთავაზება მოკავშირეების გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. მისი თქმით, ავღანეთში თურქეთის შეიარაღებული ძალების ძირითადი მიზანი ქაბულის პოლიტიკური, ფინანსური და ლოგისტიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა იქნება.

ამერიკელი ოფიციალური პირები მიესალმებიან თურქეთის შეთავაზებას, თუმცა მათი თქმით, სხვადასხვა საკითხში უთანხმოებების გამო, აშშ მცირედით შეშფოთებულია თურქეთის სანდოობასთან დაკავშირებით.

ავღანეთთან დაკავშირებით ნატო-ს ლიდერები შეხვედრას შემდეგ ორშაბათს გამართავენ, სადაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტის რანგში პირველ შეხვედრას გამართავს რეჯეფ თაიფ ერდოღანთან.

ავღანეთში დაჯგუფება „თალიბანსა“ და სამთავრობო ძალებს შორის შეტაკებების ესკალაცია აშშ-ის მიერ შეიარაღებული ძალების გაყვანის გამოცხადების შემდეგ დაიწყო. სამთავრობო პირების განცხადებით, დაჯგუფება „თალიბანის“ თავდასხმებს სულ მცირე 150 სამხედრო ემსხვერპლა.