თურქეთმა კოსმოსური პროგრამა წარმოადგინა, რომელიც 2023 წელს მთვარეზე მისიასაც მოიცავს — #1tvმეცნიერება
თურქეთმა კოსმოსური პროგრამა წარმოადგინა, რომელიც 2023 წელს მთვარეზე მისიასაც მოიცავს — #1tvმეცნიერება

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საკუთარი ქვეყნის ამბიციური, ათწლიანი კოსმოსური პროგრამა წარმოადგინა, რომელიც მოიცავს მთვარეზე მისიას, თურქი ასტრონავტების კოსმოსში გაგზავნას და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე თანამგზავრული სისტემების შექმნას.

პროგრამა, რომელიც თანხვედრაშია მის ხედვასთან თურქეთის რეგიონული და გლობალური როლის გაზრდის შესახებ, ერდოღანმა სატელევიზიო პირდაპირ ეთერში წარმოადგინა, სპეციალურ ეფექტთა თანხლებით.

მისი განცხადებით, თურქეთი მთვარესთან პირველ კონტაქტს 2023 წელს გეგმავს, როდესაც ქვეყანა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავს აღნიშნავს. მისიის პირველი ეტაპი საერთაშორისო თანამშრომლობით განხორციელდება, მეორე ეტაპზე კი გამოიყენებენ უკვე თურქულ რაკეტებს.

„ეროვნული კოსმოსური პროგრამის მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავზე მისი კონტაქტი მთვარესთან. ღვთის ნებით, ჩვენ მთვარეზე მივდივართ“, — აღნიშნა თურქეთის ლიდერმა.

ერდოღანმა ასევე გაახმოვანა თურქეთის მიზანი საერთაშორისო თანამშრომლობის გზით თურქეთის მოქალაქეების კოსმოსში გაგზავნის შესახებ, რომ ითანამშრომლოს სხვა ქვეყნებთან კოსმოსური პორტის ასაშენებლად და შექმნას „გლობალური ბრენდი“ თანამგზავრულ ტექნოლოგიებში.

„იმედი მაქვს, რომ წარმატებით განხორციელდება ჩვენი გეგმა, რომელიც თურქეთს გლობალური კოსმოსური რბოლის მოწინავეთა რიგებში მოახვედრებს“, — განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთის კოსმოსური სააგენტო, იგივე TUA, თურქეთმა 2018 წელს დააარსა და მისი მიზანია შეუერთდეს იმ რამდენიმე ქვეყნის რიგებს, რომლებსაც კოსმოსური პროგრამები გააჩნიათ.

ამ მიზნის მისაღწევად დიდი რაოდენობით ფულის ხარჯვის შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას ოპონენტთა მხრიდან კრიტიკა მოჰყვა, რადგან მათი აზრით, ქვეყნის ეკონომიკა ცუდ დღეშია და ახლა ამის დრო არ არის. თუმცა, მხარდამჭერთა განცხადებით, კოსმოსური პროგრამა მკვლევართათვის ახალ სამუშაო ადგილებს გააჩენს და სავარაუდოდ შეამცირებს ემიგრანტი მეცნიერების სახით ქვეყნიდან ტვინების გადინებას.

ამ მიზნების მიღწევის დეტალებს ერდოღანი ჯერ არ ამხელს. გასულ თვეში ის ტელეფონით ესაუბრა SpaceX-ის ხელმძღვანელ ილონ მასკს და განიხილა კოსმოსურ ტექნოლოგიებზე თურქულ კომპანიებთან თანამშრომლობის საკითხი.

ამასობაში კი აღმოჩნდა, რომ ლითონის მონოლითი, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში მოულოდნელად გამოჩნდა და გაქრა, ღონისძიებამდე დადგმული ხრიკი იყო.

სამი მეტრის სიმაღლის ლითონის სვეტი, რომელზეც ძველი თურქული ანბანით ეწერა „ცას ახედეთ, მთვარეს დაინახავთ“, რამდენიმე დღის წინ ფერმერმა შენიშნა. მონოლითი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის, ძვ. წ. მე-10 საუკუნის მეგალითური სტრუქტურის — გიობექლი-თეფეს სიახლოვეს იდგა.

სამ დღეში სტრუქტურა გაქრა.

მოგვიანებით, თურქეთის კოსმოსური პროგრამის პრეზენტაციის დროს, მონოლითი ეკრანზე მაშინ გამოჩნდა, როდესაც ერდოღანმა განაცხადა: „მე ახლა წარმოგიდგენთ თურქეთის ათწლიან ხედვას, სტრატეგიას, მიზნებს და გეტყვით — ცას ახედეთ, მთვარეს დაინახავთ“.

მომზადებულია The Associated Press-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი