თურქეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში შვიდი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა
თურქეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში შვიდი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა

თურქეთმა ჩრდილო-დასავლეთ სირიაში შვიდი სამხედრო სადამკვირვებლო პუნქტის ევაკუაცია განახორციელა.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, თურქი სამხედროები სირიის სამთავრობო ძალების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან გავიდნენ და თურქეთისგან მხარდაჭერილი სირიელი ამბოხებულების კონტროლირებულ ზონაში გადაინაცვლეს.

თურქეთმა სირიაში რამდენიმე ათეული სამხედრო პუნქტი 2018 წლიდან შექმნა, როგორც რუსეთის, ირანისა და თურქეთის მიერ მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რომელიც სირიის მთავრობას და ამბოხებულებს შორის საომარი მოქმედებების შეჩერებას ისახავს მიზნად.

თურქეთი სირიელ ამბოხებულებს უჭერს მხარს, რუსეთი და ირანი კი სირიის მთავრობას. თურქეთის რამდენიმე სამხედრო პუნქტს გასულ წელს სირიის სამთავრობო ძალებმა ალყა შემოარტყეს.

თურქული წყარო ამბობს, რომ ევაკუაცია არ ნიშნავს ჯარების გაყვანას ან რაოდენობის შემცირებას და მხოლოდ ადგილმდებარეობის ცვლილება ხდება.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ თურქეთს ჩრდილო-დასავლეთ სირიაში 10 000-დან 15 000-მდე ჯარისკაცი ჰყავს შეყვანილი.