თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება
თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება.

მისი თქმით, თარიღი ჯერ დაზუსტებული არ არის. ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი და სომხეთი სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის ზუსტ თარიღს სატელეფონო საუბარში შეათანხმებენ.

„მხარეთა წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. პირველი შეხვედრის ჩატარებამდე ჩვენ პირდაპირი კონტაქტების განხორციელება გვინდა. აუცილებელია საგზაო რუკის დადგენა პირდაპირი კონტაქტით, მათ შორის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებით იმის თაობაზე, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. სომხეთს ამ მიმართულებით მუშაობის სურვილი აქვს“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

ამასთან, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ვაან უნანიანმა განაცხადა, რომ სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების შეხვედრის თარიღი ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული. „განიხილება მოსკოვში შეხვედრის გამართვის შესაძლებლობა“, – აღნიშნა უნანიანმა.

მანამდე, სომხეთის რესპუბლიკასთან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა იბრაჰიმ ქალინმაც.

მისი თქმით, თურქეთი და სომხეთი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის ორმხრივ ნაბიჯებს დგამენ.

„თურქეთსა და სომხეთს შორის კონფლიქტი კავკასიაში დასასრულს უახლოვდება. მთიანი ყარაბაღის რეგიონის გათავისუფლებით ისტორიის ახალი გვერდი დაიწყო“, – განაცხადა ქალინმა.

მისივე თქმით, ნორმალიზაციის პროცესი ყველაზე მეტ პოლიტიკურ და ეკონომიკურ სარგებელს სომხეთს მოუტანს, რომელსაც არ აქვს ზღვაზე გასასვლელი, ეკონომიკურად სუსტია და რუსეთის გავლენის ქვეშ იმყოფება.

ცნობისთვის, თურქეთმა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად აშშ-ში თურქეთის ყოფილი ელჩი სერდარ კილიჩი 16 დეკემბერს დანიშნა, ხოლო სომხეთმა თურქეთთან დიალოგის პროცესში სპეციალურ წარმომადგენლად ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარის მოადგილე რუბენ რუბინიანი – 18 დეკემბერს.