თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან
თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან

თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტები ლიბიაში 12 იანვრიდან ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივით გამოდიან.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, გაზსადენ „თურქული ნაკადის“ გახსნის შემდეგ, სტამბოლში ორი ქვეყნის პრეზიდენტმა შეხვედრა გამართა და საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ლიბიის კონფლიქტი იყო.

ჩავუშოღლუს თქმით, თურქეთი რუსეთთან მუშაობს, რომ ლიბიაში საბრძოლო მოქმედებები შეწყდეს.

მუამარ კადაფის ჩამოგდების შემდეგ, ლიბიაში ორი მმართველობა ჩამოყალიბდა. აღმოსავლეთ ლიბიას ამბოხებული გენერალი, ხალიფა ჰაფთარი მართავს, რომელიც ქვეყნის დედაქალაქის აღებას ცდილობს.

ტრიპოლიში გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობაა განთავსებული. ხალიფა ჰაფთარს ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები უჭერენ მხარს.

მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჰაფთარის დასახმარებლად ლიბიაში რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დაქირავებული მებრძოლები იმყოფებიან.

გაერო-ს მიერ აღიარებული მთავრობის მხარდასაჭერად, ლიბიაში სამხედროები გაგზავნა თურქეთმა.