თურქეთისა და ისრაელის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს
თურქეთისა და ისრაელის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს

თურქეთისა და ისრაელის პრეზიდენტებმა სატელეფონო საუბარი გამართეს. ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ“, თურქეთის კომუნიკაციების დირექტორატზე დაყრდნობით ავრცელებს.

სატელეფონო საუბრის ფარგლებში, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ისააკ ჰერცოგმა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და რეგიონული საკითხები განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტმა ისააკ ჰერცოგს პრეზიდენტად არჩევა მიულოცა და აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს, განსაკუთრებით ენერგეტიკის, ტურიზმის და ტექნოლოგიების სფეროებში.

გარდა ამისა, თურქეთის პრეზიდენტმა სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოება ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის, გაერო-ს რეზოლუციების ფარგლებში გადაწყვეტას ელოდება. მისი თქმით, თურქეთ-ისრაელის ურთიერთობებს დიდი მნიშვნელობა აქვს ახლო აღმოსავლეთის უსაფრთხოებისა და სტაბილურობისათვის.

თურქული მედიის ცნობით, სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალური მედიის საშუალებით ინფორმაცია ისრაელის პრეზიდენტმაც გაავრცელა. ისააკ ჰერცოგის თქმით, თურქეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბარში დიალოგის გაგრძელების და ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაუმჯობესების შესახებ შეთანხმდნენ.

დატოვე კომენტარი