თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ტყის ხანძრების გამო დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა
თურქეთის ტრანსპორტის სამინისტროს ცნობით, ტყის ხანძრების გამო დარდანელის სრუტე დროებით დაიხურა

თურქეთში ტყის ხანძრების გამო დარდანელის სრუტე დროებით დახურეს.

ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ქვეყნის ტრანსპორტის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თურქეთში აცხადებენ, რომ საზღვაო ტრანსპორტისთვის დარდანელის სრუტის დახურვა დროებითია და პრევენციულ ხასიათს ატარებს.

თურქეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ხანძრები მძვინვარებს. ცეცხლი ქალაქ ჯანაქალესთან გაჩნდა, საიდანაც ადგილობრივების ევაკუაცია გახდა საჭირო.

ადგილზე მობილიზებულია სახანძრო სამსახური, ავიაციაც.

ცნობისთვის, დარდანელის სრუტე ეგეოსის ზღვას მარმარილოს ზღვასთან აკავშირებს. ბოსფორის სრუტესთან ერთად იგი მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს კომერციული ნაოსნობისთვის ევროპასა და აზიას შორის.

ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს დარდანელის სრუტეში თითქმის 46,000 ხომალდმა გაიარა.

სტიქიის გამო დახურულია ჯანაქალეს მთავარი აეროპორტი.

თურქეთში წელს ზაფხულის სეზონზე ასობით ტყის ხანძარი დაფიქსირდა, რამაც ათობით ათასი ადამიანი აიძულა, სახლები დაეტოვებინათ. ხანძრებს ივლისში, სულ მცირე, 10 რეინჯერისა და სამხედრო მაშველის სიცოცხლე ემსხვერპლა.