თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერაყში, ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელსაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები თავს აფარებდნენ, შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აღმოჩნდა
თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერაყში, ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელსაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები თავს აფარებდნენ, შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აღმოჩნდა

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ ერაყის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ გამოქვაბულში, რომელსაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ტერორისტები თავს აფარებდნენ, შვედური წარმოების ტანკსაწინააღმდეგო იარაღი აღმოჩნდა.

როგორც თურქეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, საუბარია AT-4-ის ტანკსაწინააღმდეგო ნაღმტყორცნსა და სხვა შეიარაღებაზე, რომელიც თურქმა სამხედროებმა ერაყის ჩრდილოეთ ნაწილში მიმდინარე სამხედრო ოპერაციის დროს სამალავში იპოვეს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მანამდე, თურქმა სამხედროებმა გამოქვაბულში გამაგრებული ტერორისტების განეიტრალება შეძლეს.

შეგახსენებთ, დღეს თურქეთში შვედეთისა და ფინეთის მთავრობის წარმომადგენლები იმყოფებიან. ისინი თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველს შეხვდნენ.

თურქეთი ნატო-ს ერთადერთი წევრია, რომელიც ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის. ანკარაში აცხადებენ, რომ შვედეთი და ფინეთი თურქეთის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრებს თავშესაფარს აძლევს.

როგორც ცნობილი გახდა, ამ შეხვედრაზე თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველმა შვედეთისა და ფინეთის წარმომადგენლებს უთხრა, რომ „ქურთისტანის მუშათა პარტია“, ისევე როგორც სირიელი ქურთების სახალხო თავდაცვის შენაერთები და დემოკრატიული კავშირის პარტია ტერორისტულ დაჯგუფებებს წარმოადგენენ.

შეგახსენებთ, რომ სირიაში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საბრძოლველად სირიელ ქურთთა სახალხო თავდაცვით შენაერთებს შეიარაღებას აშშ აწვდიდა.​ როგორც ცნობილია, შვედეთში წარმოებული ნაღმმტყორცნები, რომლის აღმოჩენის შესახებაც თურქეთი იტყობინება, ასევე აშშ-ის არსენალშიც არის.