თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსული „ეს-400“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს

12:19, 17.07.2026

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსული „ეს-400“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული სამუშაოები კვლავ მიმდინარეობს, – ამის შესახებ თურქული მედია წერს.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის სამინისტროში თავს იკავებენ იმ ცნობების დადასტურებისგან, რომლის მიხედვითაც, ანკარა ცდილობს „ეს-400“-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაყიდვას ან სხვა ქვეყნისთვის გადაცემას, რათა შეძლოს ამერიკული „ეფ-35“-ის პროგრამაში დაბრუნება.

„ეს-400“-ის შორი მოქმედების რეგიონული საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის სისტემებთან დაკავშირებით მრავალმხრივი მუშაობა გრძელდება. კონკრეტული შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია მაშინ მიეწოდება, როდესაც ისინი იქნება ხელმისაწვდომი“, – აცხადებენ თურქეთის თავდაცვის სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ 2019 წელს, თურქეთის მიერ რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემის შეძენის შემდეგ აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა და „ეფ-35“-ის პროგრამიდან ამოიღო. ნატო-ს სამიტზე აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხდა, რომ განიხილავს თურქეთისთვის სანქციების მოხსნის შესაძლებლობას.

მსგავსი