თურქეთის თავდაცვის სამინისტრო სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“
თურქეთი სომხეთს მოუწოდებს, „ცეცხლს ნუ ეთამაშება“. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია თურქეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელიც მას შემდეგ გავრცელდა, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვარზე აზერბაიჯანელი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.
ამ ინფორმაციას გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. მევლუთ ჩავუშოღლუმ აზერბაიჯანელ ხალხს მიუსამძიმრა და მოუწოდა სომხეთს, „გონს მოეგოს და აგრესიული ქმედებები შეწყვიტოს“.
შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანი-სომხეთის საზღვრის თოვუზის მიმართულებით მოწყობილი „მორიგი პროვოკაციის შედეგად“ დაიღუპა უმცროსი სერჟანტი ელშან მამედოვი.
სომხეთის თავდაცვის უწყებაში განაცხადეს, რომ აზერბაიჯანელი სამხედროს დაღუპვის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.