თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში დაძაბულობის შემცირებისთვის ანკარას ძალისხმევის მიუხედავად, ათენი პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს
თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში დაძაბულობის შემცირებისთვის ანკარას ძალისხმევის მიუხედავად, ათენი პროვოკაციულ ქმედებებს განაგრძობს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, რეგიონში დაძაბულობის შემცირებისთვის ანკარას ძალისხმევის მიუხედავად, ათენი განაგრძობს პროვოკაციულ ქმედებებს. აღნიშნულის შესახებ, ჰულუსი აკარმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

„მიუხედავად ჩვენი კეთილი ზრახვებისა, სამწუხაროდ, ჩვენი მეზობელი აგრძელებს დაძაბულობის გაზრდას სხვადასხვა პროვოკაციული ქმედებებით და რიტორიკით. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს ამის თავიდან ასაცილებლად“, – განაცხადა აკარმა.

თურქეთის თავდაცვის მინისტრი გამოეხმაურა რამდენიმე დღის წინ, ეგეოსის ზღვაში მომხდარ ინციდენტს, რომლის დროსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ ცეცხლი გაუხსნა თურქეთის მიმართულებით მცურავ გემს საერთაშორისო წყლებში.

„ზუსტად ამ ინციდენტის შემდეგ, ბერძნენმა პოლიტიკოსებმა თურქეთი აგრესიაში დაადანაშაულეს. რა არის ეს თუ არა ფარისევლობა? ამიტომაც ვეკითხებით მათ, სახლში სარკე არ აქვთ? თუ ისინი სარკეში ჩაიხედავენ, ისინი დაინახავენ სიმართლეს და ალბათ შერცხვებათ“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ჰულუსი აკარმა ამასთან საბერძნეთს კუნძულების შეიარაღებაში და საერთაშორისო სამართლის დარღვევაში დასდო ბრალი.

„ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდობისკენ, კარგი მეზობლური ურთიერთობებისკენ, საერთაშორისო სამართლის დაცვისკენ. ჩვენ გვსურს თანამშრომლობა ამ საკითხებზე. ჩვენ გვსურს, რომ ეგეოსის ზღვა იყოს მშვიდობის ზღვა, სამწუხაროდ ვერ ვიღებთ საპასუხოს. თქვენი საჰაერო სივრცე იმდენივეა, რამდენიც ტერიტორიული წყლები. ისინი ამბობენ: „არა ჩვენი ტერიტორიული წყლები 6 მილია, საჰაერო სივრცე კი 10 მილი“. ყველაზე უცნაური რამ არის მსოფლიოში. ამის გაგება შეუძლებელია. არც ერთი გონიერი ადამიანი არ დაეთანხმება ამას“, – აღნიშნა მინისტრმა.

თავდაცვის მინისტრმა საბერძნეთს მოლაპარაკებების მაგიდასთან დასხდომისკენ და დიალოგისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ უმჯობესია, საბერძნეთმა გაკვეთილი გამოიტანოს ისტორიიდან.

„ჩვენ ვამბობთ: გამოიტანეთ გაკვეთილი ისტორიიდან. ნუ წამოიწყებთ ახალ ავანტიურებს. შეიძლება, ზოგიერთმა რაღაც გითხრან ყურში. ისტორიიდან გეცოდინებათ, რომ ეს არ არის მართებული. ნუ გაიმეორებთ იგივეს. იყავით გონიერნი“, – განაცხადა აკარმა.