თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ნატო-სგან არ დისტანცირდება
თურქეთის თავდაცვის მინისტრი - თურქეთი ნატო-სგან არ დისტანცირდება

თურქეთი არ დისტანცირდება ნატო-სგან რუსეთთან „ეს-400″-ის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების შეძენის შესახებ შეთანხმების გაფორმების გამო. ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ჰულუსი აქარმა თურქულ ტელეკომპანია „ენ-ტი-ვისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ინტერვიუში განაცხადა, რომ „ეს-400″-ების შეძენის საპასუხოდ, თურქეთის „ეფ-35″-ის ტიპის თვითმფრინავების პროექტიდან გარიცხვა უსამართლო იქნება.

ჰულუსი აქარის თქმით, თურქეთის ხელისუფლება ცდილობს, აუხსნას აშშ-ის და სხვა პარტნიორებს, რომ „ეს-400″-ების სარაკეტო სისტემების შეძენა არ წარმოადგენს საფრთხეს „ეფ-35″-ის პროექტისთვის.

აქარმა აღნიშნა ისიც, რომ თურქეთი განიხილავს აშშ-ის შეთავაზებას „პეტრიოტის“ სისტემების შეძენის შესახებ და აღნიშნულ შეთავაზებას ვაშინგტონის მხრიდან წინა შეთავაზებებთან შედარებით უფრო პოზიტიური უწოდა.

ვაშინგტონში ამბობენ, რომ თუ ანკარა შეიძენს რუსეთისგან „ეს-400″-ის სარაკეტო სისტემას, მაშინ აშშ-ი თურქეთში „ეფ-35“-ის ტიპის გამანადგურებლების გაგზავნას საერთოდ აკრძალავს.