თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ეგეოსის ზღვაში საფრთხის შემთხვევაში, თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს
ეგეოსის ზღვაში საფრთხის შექმნის შემთხვევაში, თურქეთი საპასუხო ზომებს მიიღებს, – ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ჰულუსი აკარის თქმით, თურქეთი საბერძნეთს უფლებას არ მისცემს, რომ აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში მის მოქმედებებში ჩაერიოს. თურქეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ანკარას მონაწილეობის გარეშე ნებისმიერი პროექტის განხორციელება შეუძლებელია.
„ჩვენ საკითხების გადაწყვეტას მშვიდობისა და მოლაპარაკების გზით ვემხრობით, ყოველგვარი კონფლიქტის გარეშე“, – აღნიშნა ჰულუსი აკარმა.
ანკარაში გასულ კვირას განაცხადეს, რომ ბერძნულმა ფრეგატმა თურქეთის ენერგიის საძიებო გემი შეავიწროვა. ინციდენტის შემდეგ თურქეთში საბერძნეთის ელჩი პეტროს მავროიდისი თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.