თურქეთის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტული ჯგუფების აქტივობა კვლავ მაღალია
სამხედრო ოპერაციის, „ევფრატის ფარის“ ზონაში, სირიის ტერიტორიაზე 260 ათასი ლტოლვილი დაბრუნდა,-ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა განაცხადა.
ჰულუსი აკარის თქმით, ჩრდილოეთ სირიაში ტერორისტული ჯგუფების აქტივობა კვლავ მაღალია, რადგან ქალაქ მანბიჯიდან გასვლის ნაცვლად, ქურთული სამხედრო დაჯგუფებები სანგრების თხრას აგრძელებენ.
„ტერორისტულმა ჯგუფებმა უნდა იცოდნენ, რომ თავისივე სანგრებში დაიმარხებიან. თურქეთს ტერორისტული საფრთხე ისევ ემუქრება, რადგან ერაყის ცენტრალური და ქურთების რეგიონული მთავრობები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ ეფექტურად არ მოქმედებენ“, – აღნიშნა თურქეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.
აშშ-ს და თურქეთს შორის დადებული შეთანხმება ქალაქ მანბიჯიდან ქურთული დაჯგუფებების გაყვანას ითვალისწინებს.