თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა
თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

თურქეთის შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა.

ქვეყნის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სტიქიის ზონად გამოაცხადა ქვეყნის ჩრდილოეთ მდებარე პროვინციები ქასთამონუ, სინოფი და ბართინი, რომლებიც წყალდიდობამ მნიშვნელოვნად დააზარალა.

„სტიქიის შედეგად ჩვენი 36 მოქალაქე დაიღუპა ქასთამონუში, 7 სინოფში და 1 ბართინში. 9 ადამიანი აგრძელებს მკურნალობას საავადმყოფოებში“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვისა და სტიქიური უბედურებების ადმინისტრაციის განცხადებაში.

მანამდე არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონიდან 1,7 ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. დაახლოებით 300 დასახლება ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. ხიდების დანგრევისა და გზის სავალი ნაწილის დაზიანებების გამო შეჩერდა საგზაო მოძრაობები, მათ შორის ბართინ-ქარაბიუქის გზატკეცილზე.