თურქეთის სასამართლომ ქვეყნის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა, რასაც საპროტესტო აქცია მოჰყვა

00:01, 22.05.2026

თურქეთის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ქვეყნის ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

ანკარის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებით, გაუქმდა რესპუბლიკური სახალხო პარტიის (CHP) 2023 წლის ლიდერობის არჩევნების შედეგები და პარტიის ლიდერი ოზგურ ოზელი თანამდებობიდან გადააყენეს.

მედიის ცნობით, პარტიის ყრილობაზე დაფიქსირებული დარღვევების გამო მისი შედეგების ანულირება მოხდა. სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ოზელი რესპუბლიკური სახალხო პარტიის ყოფილმა თავმჯდომარემ, ქემალ ქილიჩდაროღლუმ უნდა შეცვალოს.

როგორც მედია წერს, პარტიამ სასამართლოს გადაწყვეტილება უარყო და მთავრობის მხრიდან „გადატრიალების მცდელობად“ შეაფასა, ხოლო მთავრობამ, რომელიც ოპოზიციის კრიტიკას უარყოფს, განაცხადა, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება კანონის უზენაესობის პრინციპით მიიღო.

სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ რესპუბლიკური სახალხო პარტიის ოფისთან პროტესტი ასობით ადამიანმა გამოხატა.

ცნობისთვის, 2023 წელს თურქეთის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ, რესპუბლიკურმა სახალხო პარტიამ, შიდა არჩევნები ჩაატარა მას შემდეგ, რაც მისმა ლიდერმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ საპრეზიდენტო არჩევნები რეჯეფ თაიფ ერდოღანთან წააგო.

შედეგების მიხედვით, პარტიის ყრილობაზე დელეგატების უმეტესობამ ხმა ოზგურ ოზელს მისცა. ხმის მიცემის მეორე ტურში ოზელმა გაიმარჯვა და პარტიის თავმჯდომარე გახდა, რითაც ქილიჩდაროღლუს 13-წლიანი ლიდერობა დასრულდა.

ანკარის სასამართლოში სარჩელი ამავე პარტიის მაშინდელმა წევრმა, ლუთფუ სავაშმა რამდენიმე ყოფილ დელეგატთან ერთად შეიტანა და 2023 წლის ყრილობის ლეგიტიმურობა გაასაჩივრა. ისინი აცხადებდნენ, რომ ადგილი ჰქონდა დარღვევებს, მათ შორის ხმების მოსყიდვას და დელეგატებზე ზეწოლას.

მსგავსი