თურქეთის სასამართლომ პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ პოლიტიკური ჯაშუშობის საქმეზე დაიწყო გამოძიება
თურქეთის სასამართლომ პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ პოლიტიკური ჯაშუშობის საქმეზე დაიწყო გამოძიება

თურქეთის სასამართლომ პატიმრობაში მყოფი სტამბოლის მერის, ეკრემ იმამოღლუს წინააღმდეგ პოლიტიკური ჯაშუშობის საქმეზე გამოძიება დაიწყო.

გაცემულია მისი დაკავების ორდერი.

როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, თურქეთის სასამართლო პრაქტიკა ითვალისწინებს უკვე პატიმრობაში მყოფი პირის მიმართ დაკავების ფორმალური ორდერის გაცემას ახალი გამოძიების დაწყების შემთხვევაში.

ბოლო საქმის ფარგლებში იმამოღლუს ადანაშაულებენ „საპრეზიდენტო კამპანიისთვის სახსრების შეგროვების მიზნით მექრთამეობასა და ჯაშუშობაში საერთაშორისო მხარდაჭერის მოსაპოვებლად“.

გავრცელებულ განცხადებაში იმამოღლუ ახალ ბრალდებებს უარყოფს. „ჩვენ ენით აღუწერელი სამარცხვინო ამორალურობის წინაშე ვართ“, – აღნიშნავს სტამბოლის მერი.

შეგახსენებთ, ეკრემ იმამოღლუ, რომელიც პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად მოიაზრება, 19 მარტს კორუფციისა და ტერორისტული ორგანიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავეს. ეკრემ იმამოღლუს დაპატიმრებას თურქეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. ამასთან, ივლისში თურქეთის სასამართლომ სტამბოლის მერი ქალაქის მთავარი პროკურორის მიმართ მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლითა და რვა თვით პატიმრობა მიუსაჯა.