თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემის ორი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლა
თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემის ორი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლა

თურქეთის სასამართლომ ოპოზიციური გამოცემის ორი ჟურნალისტი პატიმრობიდან გაათავისუფლა. კერძოდ საუბარია ამჟამად დახურულ გამოცემა „ტარაფის“ ყოფილ რედაქტორზე, აჰმეთ ალთანსა და ჟურნალისტ ნაზლი ილიჯაკზე. ​ისინი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ნაზლი ილიჯაკს, რომელიც „ტარაფის“ გარდა, გამოცემა „ჰურიეტთან“ თანამშრომლობდა, ასევე აჰმეთ ალთანსა და მის ძმას, ეკონომიკის პროფესორ, მწერალ მეჰმეთ ალთანს 2018 წელს ფეთჰულა გიულენის მოძრაობასთან კავშირის ბრალდებით სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.

​ისინი 2016 წლის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის შემდეგ დააკავეს. არშემდგარი ამბოხის ორგანიზატორად ანკარა აშშ-ში მცხოვრებ მუსლიმ მქადაგებელს, ფეთჰულა გიულენს მიიჩნევს.

2019 წლის ივლისში თურქეთის საკასაციო სასამართლომ ჟურნალისტების საქმეს „სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების“ ნაცვლად, „ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობის“ კვალიფიკაცია მისცა და საქმე ხელახალი განხილვისთვის პირველ ინსტანციაში დააბრუნა. პირველი ინსტანციის სასამართლომ მათ სასჯელი შეუმსუბუქა, კერძოდ, აჰმეთ ალთანს 10,5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნაზლი ილიჯაკს კი, რვა წლითა და ცხრა თვით. ვინაიდან ჟურნალისტებმა პატიმრობაში უკვე გაატარეს სამ წელზე მეტი, სასამართლომ ასევე მიიღო გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს ისინი ქვეყნიდან გაუსვლელობის ხელწერილის საფუძველზე.

რაც შეეხება აჰმეთ ალთანის ძმას, მეჰმეთ ალთანი გასულ წელს გაათავისუფლეს. ის სასამართლომ გაამართლა.