თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯან დუნდარს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯან დუნდარს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

თურქეთის სასამართლომ ჟურნალისტ ჯან დუნდარს 27-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ოპოზიციური გაზეთის, „ჯუმჰურიეთის“ ყოფილ მთავარ რედაქტორს ბრალი ტერორიზმის მხარდაჭერის, ასევე სამხედრო-პოლიტიკური ჯაშუშობის მუხლებით ჰქონდა წარდგენილი.

სასამართლოს განაჩენში აღნიშნულია, რომ ჯან დუნდარმა სახელმწიფო საიდუმლოებები ჯაშუშობის მიზნით მოიპოვა და ეხმარებოდა შეიარაღებულ ტერორისტულ ორგანიზაციას, რომლის წევრი თავად არ იყო.

ჟურნალისტი ჯან დუნდარი თურქეთიდან გერმანიაში 2016 წელს გაიქცა და სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა. დუნდარის ადვოკატები განაჩენს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ.

„ჯუმჰურიეთის“ ყოფილმა მთავარმა რედაქტორმა არაერთი სტატია გამოაქვეყნა თურქეთის მიერ სირიელი ამბოხებულებისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებაზე. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, მაშინ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ჯან დუნდარი „მძიმე საფასურს გადაიხდიდა“.