თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენსა და ფილანთროპს, ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა
თურქეთის სასამართლომ ბიზნესმენსა და ფილანთროპს, ოსმან კავალას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, თურქეთის სასამართლომ ის საპროტესტო გამოსვლების დაფინანსებით მთავრობის დამხობის მცდელობაში ცნო დამნაშავედ.
კავალას საქმეს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო და დასავლური ქვეყნები პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევენ.
საქმის კიდევ შვიდ ფიგურანტს სასამართლომ 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მათი დაკავების განკარგულება გასცა. ამასთან, არასაკმარისი მტკიცებულებების გამო, კავალა ჯაშუშობის ბრალდების საქმეში გამართლდა.
64 წლის კავალა ოთხ წელზე მეტია, პატიმრობაშია. ის ბრალდებებს უარყოფს.
ბიზნესმენს თურქეთში 2013 წლის გეზის პარკის გამო გამართულ პროტესტთან და შემდგომ არეულობებთან კავშირში სდებენ ბრალს. 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თურქეთის ხელისუფლებას კავალას გათავისუფლებისკენ მოუწოდა და დაადგინა, რომ მისი დაკავება ფილანთროპის გაჩუმებას ისახავდა მიზნად.