თურქეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირების დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა
თურქეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირების დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში დაპირისპირების დროს სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება.

საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თურქ სამხედრო მოსამსახურეებსა და ქურთ მებრძოლებს შორის დაპირისპირება სირიისა და ერაყის საზღვართან ახლოს მოხდა. თურქი სამხედრო მოსამსახურეები ქალაქ სილოპთან ახლოს, სახელმწიფო კომპანია „თურქიშ პეტროლეუმის“ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ, როდესაც „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებთან დაპირისპირება დაიწყო.

თურქეთის სამხრეთ ნაწილში ბოლო დღეებში არეულობაა. რამდენიმე დღის წინ ცნობილია გახდა, რომ პროქურთული პარტიის წევრი სამი მერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. მათ შორის არიან დიარბაქირის, მარდინისა და ვანის მერები, სადაც მოსახლეობის დიდი ნაწილი სწორედ ქურთი. მათ თურქეთში აკრძალულ და ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებულ „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ კავშირში დასდეს ბრალი. ამასთან ერთად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის ფარგლებში 400-ზე მეტი პირი დააკავეს.

ამის შემდეგ დიარბაქირში მერების მხარდამჭერი მანიფესტაცია გამართეს, რომელიც საბოლოო ჯამში სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებით დასრულდა. პოლიციამ დემონსტრაციის დასაშლელად ცრემლსადენი აირი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა.

შეგახსენებთ, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.