თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, უნდა არსებობდეს მოწოდება, „სომხეთი გავიდეს აზერბაიჯანის მიწიდან“
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტასთან ერთად, უნდა არსებობდეს მოწოდება, „სომხეთი გავიდეს აზერბაიჯანის მიწიდან“

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, მევლუთ ჩავუშოღლუს თქმით, ცეცხლის შეწყვეტაზე საერთაშორისო საზოგადოების მოწოდება მიზანშეწონილია. თუმცა, მისი თქმით, საერთაშორისო საზოგადოებამ ასევე უნდა გააკეთოს მოწოდება იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი გავიდეს აზერბაიჯანის ტერიტორიიდან. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ჩავუშოღლუ ასევე მიიჩნევს, რომ მინსკის ჯგუფის თერთმეტივე წევრის შეხვედრის ორგანიზება ამ საკითხის მოგვარებას ხელს შეუწყობს.

„საერთაშორისო საზოგადოების მიერ ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გაკეთებულ მოწოდებებს მიზანშეწონილად მივიჩნევთ. ომი არავის სურს. მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებასთან ერთად, უნდა არსებობდეს მოწოდება, რომ სომხეთი გავიდეს აზერბაიჯანის მიწიდან და ეს მოწოდება უნდა ეფუძნებოდეს გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ეუთო-ს დადგენილებებს.

მაშინ ჩვენ შევძლებთ, ნამდვილად დავინახოთ საერთაშორისო საზოგადოების სურვილი, გადაჭრან ეს პრობლემა“, – განაცხადა ჩავუშოღლუმ.