თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დამასკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ავიაიერიშები სირიაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენაა მიმართული
თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ დამასკოსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ისრაელის ავიაიერიშები სირიაში მშვიდობის დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენაა მიმართული

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ისრაელის ავიაიერიშები დამასკოზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმართულია სირიაში მშვიდობისა და უსაფრთხოების დამყარების ძალისხმევის საბოტაჟისკენ.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „სირიას ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ აქვს ისტორიული შანსი, იცხოვროს მშვიდობიანად და მოახდინოს ინტეგრაცია მსოფლიოსთან“.

„ყველა დაინტერესებულმა მხარემ, რომელიც მხარს უჭერს ამ შესაძლებლობის გამოყენებას, უნდა შეიტანოს წვლილი სირიის ადმინისტრაციის ძალისხმევაში, დაამყაროს მშვიდობა“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

ცნობისთვის, ისრაელის მთავრობამ განაცხადა, რომ ავიაიერიში მიიტანა სირიის თავდაცვის სამინისტროზე. ამასთან, მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ იერიში ასევე განხორციელდა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე, თუმცა ეს ჯერ დადასტურებული არ არის.

ისრაელი სირიის სამთავრობო ძალებს დრუზების წინააღმდეგ ძალადობაში სდებს ბრალს.

სირიაში, კერძოდ, სუვეიდის პროვინციაში, დრუზ მებრძოლებსა და ბედუინთა ტომებს შორის სამხედრო დაპირისპირება, რამდენიმე დღეა, გრძელდება. გავრცელებული ცნობით, დაღუპულია, სულ მცირე, 100 ადამიანი. ამის გამო სირიის მთავრობამ ადგილზე გააგზავნა უსაფრთხოების ძალები.