თურქეთის საგარეო უწყება - უარვყოფთ ევროკომისიის ანგარიშში თურქეთის სასამართლო სისტემასთან, ფუნდამენტურ უფლებებსა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ უსაფუძვლო ბრალდებებს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ევროკომისიის ანგარიში მიკერძოებული და უსაფუძვლოა. სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ანგარიშის ტონი და მიდგომა შეუთავსებელია თურქეთსა და ევროკავშირს შორის პოზიტიური დღის წესრიგის ჩამოყალიბების მცდელობებთან და ეწინააღმდეგება ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს.
„ჩვენ უარვყოფთ ევროკომისიის მიერ დღეს გამოქვეყნებულ თურქეთის შესახებ ანგარიშში სასამართლო სისტემასთან, ფუნდამენტურ უფლებებსა და შიდა პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებულ, მიკერძოებულ და უსაფუძვლო ბრალდებებს. ეს კომენტარები ეწინააღმდეგება ორმხრივ მცდელობებს კონსტრუქციული დღის წესრიგისკენ და ორივე მხარის გრძელვადიან ინტერესებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
თურქეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ევროკავშირი უნდა მოერიდოს პოლიტიკასა და რიტორიკას, რომელსაც ურთიერთობები ჩიხში შეჰყავს და დაიკავოს ნეიტრალური პოზიცია. სამინისტრო აღნიშნავს თურქეთის ჩართვის მნიშვნელობას ევროკავშირის თავდაცვისა და უსაფრთხოების ინიციატივებსა და პროგრამებში და აცხადებს, რომ თავად ანგარიში აღიარებს თურქეთის აქტიურ საგარეო პოლიტიკურ ხედვას, სტრატეგიული პარტნიორობების გაძლიერების მცდელობებს და კონსტრუქციულ რეგიონულ როლს.
„ის ფაქტი, რომ ანგარიში ხაზს უსვამს თურქეთის სტრატეგიულ მნიშვნელობას ევროკავშირისთვის რეგიონული და გლობალური გამოწვევების ფონზე, ასევე საერთო სფეროების გაზიარებულ პასუხისმგებლობებს, მნიშვნელოვანია“, – ნათქვამია განცხადებაში.