თურქეთის საგარეო უწყება სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას გმობს
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სირიაში ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას გმობს. ამის შესახებ ოფიციალური ანკარის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ თავდასხმას, რომელიც სავარაუდოდ ასადის რეჟიმმა მოაწყო, ხოლო ამ რეჟიმის მიერ მოწყობილი ქიმიური თავდასხმების შესახებ საერთაშორისო საზოგადოებისთვის ცნობილია“, – ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის შესახებ ადგილზე მყოფი მოხალისეები და ექიმები იტყობინებიან. მათი ცნობით, შეტევის დროს სავარაუდოდ ქიმიური ნივთიერება ზარინი გამოიყენეს. შედეგად, სხვადასხვა ცნობით, 40-დან 150-მდე ადამიანი დაიღუპა.
დამასკოსა და მოსკოვში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ცნობებს „ფაბრიკაცია“ უწოდეს.