თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის სამმხრივი შეთანხმება დაარღვია. სამინისტროს მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „მთიან ყარაბაღში სომხეთის მიერ აზერბაიჯანული სამხედრო ძალების წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმა 2020 წლის 9 ნოემბერს გაფორმებული შეთანხმების აშკარა დარღვევაა“.

სამინისტროს განცხადებით, სომხეთის მხრიდან თავდასხმები 26 ნოემბერს, 8, 11 და 27 დეკემბერს განხორციელდა, რომლის შედეგად დაიჭრნენ და დაიღუპნენ სამხედრო და სამოქალაქო პირები.

თურქეთის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სომხური დაჯგუფებების გაყვანასა და ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სომხეთს ეკისრება. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „აზერბაიჯანულმა მხარემ თავდაცვის უფლება გამოიყენა და შესაბამისი პასუხი გასცა სომხეთის შეიარაღებული დაჯგუფებების პროვოკაციებს“.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ 28 დეკემბერს განაცხადეს. აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა. პარალელურად, სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება. ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „არცახის თავდაცვის არმია მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“.