აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან
აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან

აზერბაიჯანი და სომხეთი მთიან ყარაბაღში შეტაკებების შესახებ იუწყებიან.

აზერბაიჯანის თადაცვის სამინისტრო მთიან ყარაბაღში სომხური სამხედრო დაჯგუფების თავდასხმის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას.

აზერბაიჯანის მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ სომხური დაჯგუფება აზერბაიჯანის სამხედროებს ხოჯავენდის რაიონში დაესხა თავს, რომლის შედეგად ერთი აზერბაიჯანელი ჯარისკაცი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მიღებული ზომების შედეგად, დაჯგუფების ექვსივე წევრი განადგურდა.

პარალელურად, სომხური მედია სომხეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ჰადრუთის რაიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების შესახებ იუწყება.

ამასთან, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ „არცახის თავდაცვის არმია მკაცრად იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს“.

„ამ სექტორში არც ერთ ნაწილს არ მიუღია მონაწილეობა რაიმე მოქმედებაში. მეტიც, არცახის თავდაცვის არმიის ნაწილებთან დაკავშირებული არავითარი ინციდენტი არ დაფიქსირებულა. ამის მიუხედავად, სომხური მხარე ცდილობს, გაარკვიოს დამატებითი ინფორმაცია და არ გამორიცხავს, რომ საქმე გვაქვს აზერბაიჯანის საინფორმაციო პროვოკაციასთან“, – ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.