თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მაკა ბოჭორიშვილსა და ჰაკან ფიდანს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაკან ფიდანმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარი გამართა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ანადოლუ“ ავრცელებს.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამძიმარი გამოუცხადა თურქ კოლეგას სამხედრო-სატვირთო თვითმფრინავის ჩამოვარდნის გამო.
მინისტრებმა განიხილეს სამძებრო-სამაშველო ოპერაციის მიმდინარეობა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში ჩამოვარდა თურქული სამხედრო თვითმფრინავი, რომელიც აზერბაიჯანი-თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს. ამასთან, განცხადება გაავრცელა „საქაერონავიგაციამაც“, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთის „C-130“ ტიპის საჰაერო ხომალდი რადარებიდან საქართველოს ტერიტორიის გადმოკვეთიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, განგაშის სიგნალის გადმოცემის გარეშე გაქრა, რის შემდეგადაც ძებნა-შველის სამუშაოები დაიწყო.
თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე თურქეთის „C-130“-ის ტიპის სატრანსპორტო თვითმფრინავი ჩამოვარდა.
მათივე ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე 20 სამხედრო იმყოფებოდა.