თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვედეთს მოუწოდებს, მიიღოს შემაკავებელი ზომები, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილის დანაშაული ისლამისა და მილიარდობით მუსლიმის წინააღმდეგ
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვედეთს მოუწოდებს, მიიღოს შემაკავებელი ზომები, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილის დანაშაული ისლამისა და მილიარდობით მუსლიმის წინააღმდეგ

თურქეთი კატეგორიულად გმობს ერაყში, შვედეთის საელჩოსთან ყურანის წინააღმდეგ განხორციელებულ სამარცხვინო თავდასხმას, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავარმა მრჩეველმა, აკიფ ჩაღათაი კილიჩმა განაცხადა.

„ეს საზიზღარი ქმედება არის დემოკრატიისა და თავისუფლებების შეურაცხყოფა და დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ. შვედეთის მთავრობამ უნდა გადახედოს კანონებს, გადაწყვეტილებებსა და პრაქტიკას, რომელსაც იყენებს. ყველამ პატივი უნდა სცეს ერთმანეთის სიწმინდეს. ნამდვილი თავისუფლება მოვა პატივისცემით“, – წერს კილიჩი „ტვიტერზე“.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტრომ წერილობით განცხადებაში შვედეთს მოუწოდა, მიიღოს „შემაკავებელი ზომები“, რათა თავიდან აიცილოს სიძულვილის დანაშაული ისლამისა და მილიარდობით მუსლიმის წინააღმდეგ, როგორც მისი საერთაშორისო პასუხისმგებლობის ნაწილი, განსაკუთრებით, გაერო-ს, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა და ევროპის საბჭოს წინაშე.

„თურქეთი მზად არის, იმუშაოს იმ ქვეყნებთან ერთად, სადაც ასეთი თავდასხმები ხდება ისლამოფობიის, ქსენოფობიის, რასიზმისა და დისკრიმინაციის სფეროებში“, – ნათქვამია განცხადებაში.

შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ბაღდადში, მის საელჩოზე თავდასხმა და მას ვენის კონვენციის „სერიოზული დარღვევა“ უწოდა. ბევრმა სახელმწიფომ, მათ შორის აშშ-მ, რუსეთმა, თურქეთმა, ერაყმა, პაკისტანმა, ინდონეზიამ, ავღანეთმა და სხვა ისლამურმა ქვეყნებმაც დაგმეს თავდასხმა. მომხდარზე გამოძიება შვედეთმაც დაიწყო.