თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანმა სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გასაყვანად ბოლო შანსი მისცა
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო - აზერბაიჯანმა სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გასაყვანად ბოლო შანსი მისცა

აზერბაიჯანმა სომხეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გასაყვანად ბოლო შანსი მისცა, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რომლითაც ოფიციალური ანკარა მოსკოვში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას გამოეხმაურა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ცეცხლის შეწყვეტა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, თუმცა ის ვერ ჩაანაცვლებს მთიანი ყარაბაღის პრობლემის გრძელვადიან მოგვარებას.

„27 ოქტომბრის შემდეგ აზერბაიჯანის მხარე მთელს მსოფლიოს აჩვენებს სიმტკიცესა და მზაობას, საკუთარი ძალებით გაათავისუფლოს უკვე 30 წლის განმავლობაში სომხეთის მიერ ოკუპირებული მიწები. ანკარა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დარეგულირების კუთხით გადადგმულ მხოლოდ იმ ნაბიჯებს დაუჭერს მხარს, რომლებიც აზერბაიჯანის ინტერესებს გამოხატავს. თურქეთი სამომავლოდაც მხარს დაუჭერს აზერბაიჯანს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მოლაპარაკების მაგიდასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.

გუშინ მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების 11-საათიანი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.

ამასთან, აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან „სუბსტანტიურ მოლაპარაკებებს მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად“.