თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ აშშ-მა გიულენის ორგანიზაციის საფრთხის გაანალიზება დაიწყო
აშშ-მა ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის საფრთხის გაანალიზება დაიწყო, – ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„აშშ-ის გამოძიების ფედერალურმა ბიურომ სერიოზული გამოძიება დაიწყო. პარალელურად ისინი უკვე ხედავენ, რამდენად ბნელი და სახიფათოა ეს ორგანიზაცია. ისინი ასევე აანალიზებენ, რომ გიულენის ორგანიზაცია აშშ-ის კანონებს არღვევს“, – აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ საკარიას პროვინციაში გამართულ შეხვედრაზე.
თურქეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე თქვა, რომ გიულენის ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებით, ოფიციალური ანკარა აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროს დოსიეებს სამომავლოდაც გადასცემს.
თურქეთის ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ 2016 წლის სამხედრო გადატრიალების მცდელობის უკან ფეთჰულა გიულენი დგას.