თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი 26-27 მაისს სამუშო ვიზიტით რუსეთს ესტუმრება
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰაქან ფიდანი 26-27 მაისს სამუშო ვიზიტით რუსეთს ესტუმრება.
გავრცელებული ცნობით, ვიზიტის ფარგლებში ჰაქან ფიდანს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მიიღებს და თავის რუს კოლეგას, სერგეი ლავროვს შეხვდება.
გარდა ამისა, დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები თურქ მინისტრსა და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწეს, ვლადიმერ მედინსკის, ასევე თავდაცვის მინისტრს, ანდრეი ბელოუსოვს შორის.
მოსკოვში დაგეგმილი მოლაპარაკებების ფარგლებში დეტალურად განიხილება ორმხრივი ურთიერთობები, მათ შორის ვაჭრობის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროები და „შეფასდება მათი შემდგომი განვითარებისთვის გადასადგმელი შესაძლო ნაბიჯები“.
თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ ჰაქან ფიდანი ხაზს გაუსვამს, რომ თურქეთი უკრაინის კონფლიქტის სამართლიანი და მდგრადი მოგვარების მომხრეა და კმაყოფილებას გამოთქვამს მოგვარების პროცესში ბოლო დროს განვითარებული კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენების გამო.
თურქი მინისტრი კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ თურქეთი მზადაა, მხარეებს შორის შუამავლის როლი შეასრულოს.