თურქეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ბაღდადში სირიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება
თურქეთის სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ბაღდადში სირიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს შეხვდება

თურქეთის რესპუბლიკის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის დირექტორი ჰაქან ფიდანი ერაყის დედაქალაქ ბაღდადში სირიის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის დირექტორ ალი მამლუქს შეხვდება.

აღნიშნულის შესახებ თურქული გამოცემა Turkiye Gazetes-ი იტყობინება. თურქეთის შეიარაღებული ძალების დაზვერვის დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის ისმაილ ჰაქი ფექინის თქმით, ეს შეხვედრა შესაძლოა, ახალი პროცესის დასაწყისი იყოს.

„პროცესი, რომელიც ხორციელდება ისეთი შუამავალი ქვეყნების მეშვეობით, როგორებიც რუსეთი და ირანია, უკვე აღარაა მნიშვნელოვანი. ეს შეხვედრა აუცილებლად გააქტიურებს დიპლომატიურ და პოლიტიკურ არხებს, დაიწყებს ახალ პერიოდს“, – აღნიშნა ფექინმა.

ფექინის თქმით, შეხვედრაზე მხარეების სასაუბრო თემები მიგრაციისა და ტერორიზმის საკითხები იქნება.

„ეს პროცესი უნდა გაანალიზდეს, როგორც საუდის არაბეთთან, არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან და ეგვიპტესთან ურთიერთობების გაუმჯობესების ნაწილი. ბაღდადში შეხვედრას გაცილებით ძლიერი ნაბიჯები მოჰყვება“, – დაამატა ფექინმა.

ფიდანისა და მამლუქის ბოლო შეხვედრა 2020 წლის იანვარში, რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში შედგა.