თურქეთის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა
თურქეთის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა

თურქეთის სააპელაციო სასამართლომ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ განაჩენი ძალაში დატოვა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ექვს ჟურნალისტსა და გაზეთის კარიკატურისტს განაჩენის კვლავ გასაჩივრების უფლება არ ექნებათ, რადგან მათ ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი. დანარჩენ ექვს ჟურნალისტს, რომლებსაც ხუთ წელზე მეტი აქვთ შეფარდებული, გასაჩივრება შეეძლებათ.

თურქულ ოპოზიციურ გაზეთ „ჯუმჰურიეთის“ 14 თანამშრომელი თურქეთის სასამართლომ გასულ წელს ტერორიზმში დამნაშავედ ცნო. ჟურნალისტების საქმემ ქვეყანაში და მის საზღვრებს გარეთ მასშტაბური რეზონანსი გამოიწვია.

დაკავებულები აცხადებდნენ, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებული იყო და პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანის კრიტიკის აღმოფხვრას ემსახურებოდა. ოფიციალურ ანკარას მედიის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებდნენ.