თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები აჩუქა
თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები აჩუქა

კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით, თურქეთის რესპუბლიკამ საქართველოს საჩუქრად გადასცა მნიშვნელოვანი სამედიცინო აღჭურვილობა და მედიკამენტები, მათ შორის, სუნთქვის აპარატები, „პისიარ“ სადიაგნოსტიკო ტესტები და ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„თურქეთის რესპუბლიკის დონაცია მიზნად ისახავს საქართველოს მოსახლეობის, განსაკუთრებით კი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დახმარებას კორონავირუსის (COVID-19) პანდემიის დროს. აღნიშნული განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ფონზე, როცა პანდემიის პირობებში ჰუმანიტარული მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ჰუმანიტარული ტვირთის დიდი ნაწილი მოხმარდება სწორედ იმ ადამიანების საჭიროებებს, ვინც რუსეთსა და საქართველოს შორის არსებული კონფლიქტის შედეგადაა დაზარალებული“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის შეთანხმებას ჯანდაცვის სფეროში დონაციის შესახებ ხელი მოაწერეს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, ემინე ალფ მეშემ და თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ.