თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი აცხადებს, რომ ყირიმის ანექსიისა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ რუსეთის მოთხოვნები ძალიან მაქსიმალისტური და არარეალისტურია
თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერი იბრაჰიმ კალინი ყირიმის ანექსიისა და უკრაინის სეპარატისტული რეგიონების აღიარების შესახებ რუსეთის მოთხოვნებს „ძალიან მაქსიმალისტურს“ და „არარეალისტურს“ უწოდებს. ამის შესახებ მან „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„ეს არის „წითელი ხაზები“ უკრაინელებისთვის ყირიმსა და დონბასში. ეს სწორია, რადგან ეს პირდაპირ ეხება უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს. ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმის ანექსიას ისევე, როგორც დანარჩენი მსოფლიო, ჩინეთიც კი არ აღიარების ყირიმის ანექსიას… მათ (რუსებმა) ნამდვილად უნდა წარადგინონ სხვა იდეები“, – განუცხადა თურქეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა „სიენენს“.
როგორც კალინმა აღნიშნა, თურქეთის ხელისუფლებას სჯერა, რომ ომის დასრულება მხოლოდ პრეზიდენტ ზელენსკისა და პრეზიდენტ პუტინის შეხვედრის შედეგად იქნება შესაძლებელი.
„პრეზიდენტი ზელენსკი მზად არის, შეხვდეს პრეზიდენტ პუტინს. ეს პრეზიდენტი პუტინია, ვინც ამ დრომდე უარს აცხადებს. ჩვენმა პრეზიდენტმა თქვა, რომ მზად არის, ხელი შეუწყოს მათ შეხვედრას თურქეთში ან სადმე სხვაგან… ჩვენ გვჯერა, რომ მხოლოდ ამ შეხვედრის შედეგად დასრულდება ეს ომი“, – განაცხადა მან.
იბრაჰიმ კალინის თქმით, პრეზიდენტი ერდოღანი ღიად ინარჩუნებს კომუნიკაციის ხაზს როგორც რუსეთის, ისე უკრაინის პრეზიდენტებთან, რათა ხელი შეუწყოს ომის დასრულებას. კითხვაზე, უსმენს თუ არა პუტინი ერდოღანს, კალინმა აღნიშნა, რომ თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტს ხანგრძლივი ურთიერთობები აკავშირებთ.
„რა თქმა უნდა, პრეზიდენტი პუტინი უსმენს პრეზიდენტ ერდოღანს, მის რჩევებს, მის იდეებსა და წინადადებებს. მათი გადმოსახედიდან მიხვდებით, რომ ისინი ნატო-ს ქვეყნების უმეტესობას არ ენდობიან, აღარ სურთ მათთან საუბარი, სწორია ეს თუ არასწორი. მაგრამ რეალობა ისაა, რომ ვიღაც უნდა ესაუბროს რუსულ მხარეს, ვისაც რუსებიც ენდობიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს თვეობით, წლობით“, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.